logo
ENG



"ირანთან ომი არ გვსურს, გვინდა, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს" - კირბი იორდანიაში მომხდარზე

30 იან 202414:01
3 წუთის საკითხავი
clock 270
2024/01/30/fi8gwujmw16x0cw.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ ირანის მხრიდან თავდასხმები შეწყდეს.

"ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, თავდასხმები გრძელდება, ჩვენ კი ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. ჩვენ გვინდა უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი და გვსურს, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს.

 ვფიქრობ, საკმაოდ საღი აზრი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ დაჯგუფებას მხარს ურს ჰეზბოლა, რომლის უკანაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დგას - ერაყსა და სირიაში მოქმედებს და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ უამრავი თავდასხმა წამოიწყო", - ამბობს კირბი.

28 იანვარს, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.

ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.


close დახურვა